მიმდინარე წლის 23-27 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა იტალიის რესპუბლიკაში, სიცილიის რეგიონში.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სიცილიის ქალაქ პალერმოში საპატიო კონსულის მეთაურობით საქართველოს ახალი საკონსულო დაწესებულების გახსნის საზეიმო ცერემონია. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი სახელისუფლებლო ორგანოების წარმომადგენლები. აღინიშნა, რომ საპატიო საკონსულოს გახსნა ხელს შეუწყობს საქართველოსა და სიცილიის რეგიონს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში როგორიც არის ხალხთაშორისი ურთიერთობები, ტურიზმი, სავაჭრო თანამშრომლობა და კულტურული კავშირები. გახსნის საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში საპატიო კონსულმა ლეონარდა ამელამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოს სავაჭრო–ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ხათუნა თოთლაძემ შეხვედრები გამართა სიცილიის რეგიონის ქალაქების, პალერმოს, აგრიჯენტოსა და მენფის მერებთან.
იტალიის მხარესთან საუბრისას, ხაზი გაესვა, რომ იტალია საქართველოს სანდო პარტნიორია, რომელთანაც საერთო ევროპული ინტერესები და ღირებულებები აკავშირებს. კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის ვიზიტი რომში, რომლის ფარგლებშიც დაფუძნდა საქართველოსა და იტალიას შორის მაღალი დონის დიალოგი და ხელი მოეწერა კულტურისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების ახალ, 2023-2027 წლების, სამოქმედო პროგრამას.
პალერმოს მერთან რობერტო ლაგალასთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ თბილისი და პალერმო 1987 წლიდან დაძმობილებული ქალაქებია. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას შეთანხმებით გათვალისწინებულ სფეროებში. აგრიჯენტოს მერთან, ფრანჩესკო მიშესთან შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს კულტურისა და განათლების სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე.
ხათუნა თოთლაძემ მენფის მერს მარილენა მაუჩერის მადლობა გადაუხადა იმ გულთბილი მიღებისათვის, რომელსაც წლების განმავლობაში უწევდნენ მენფის მერია, მასპინძელი ოჯახები და ქალაქის მაცხოვრებლები გაცვლით პროგრამაში მონაწილე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ბავშვებს. ასევე, იმედი გამოითქვა, რომ ახლო მომავალში ხელი მოეწერება გორისა და მენფის დაძმობილების შეთანხმებას და ახალი ძალით ამოქმედდება ძმობის კავშირი, რომელიც ამ ქალაქებს შორის 1995 წლიდან არსებობს.
შეხვედრებმა პოზიტიურ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა მომავალშიც შეინარჩუნონ ის დადებითი დინამიკა, რაც ორმხრივ ურთიერთობებში არსებობს.