2024 წლის 23 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, ქართულმა მხარემ მონაწილეობა მიიღო გაეროს, ეუთოსა და ევროპის საბჭოს ფარგლებში გამართულ მაღალი დონის ღონისძიებებში.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ნიუ-იორკში სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის დებატების სესიაზე - „უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა”.
თავის გამოსვლაში ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ; აგრეთვე აღნიშნა საქართველოს მიერ როგორც პოლიტიკური, ისე დიპლომატიური გზებით გამოხატული სოლიდარობა უკრაინისადმი.
მინისტრის პირველმა მოადგილემ, გაეროში სიტყვით გამოსვლისას ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ, მონაწილეობა მიიღო უკრაინის საკითხზე ეუთოს მუდმივი საბჭოს გაძლიერებულ სხდომაში, რომელიც ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა. თეიმურაზ ჯანჯალიამ სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს.
ქართველმა დიპლომატმა დაგმო რუსეთის უკანონო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. ქართულმა მხარემ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას გაიყვანოს ჯარები და სამხედრო აღჭურვილობა უკრაინის ტერიტორიიდან. სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, ადგილზე არსებულ მძიმე ვითარებაზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით.
გარდა ამისა, გაიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საგანგებო სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, თამარ ტალიაშვილმა.
ქართველმა დიპლომატმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო ურყევად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან აღნიშნა, რომ ომის დაწყების პირველივე დღეებიდან საქართველო გამოხატავს სოლიდარობას უკრაინის მიმართ როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და უერთდება უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო ინიციატივებს. თამარ ტალიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებასა და რუსეთის მხრიდან განხორციელებული ოკუპაციის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი მიდგომის მნიშვნელობაზე.