2024 წლის 3 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღო სლოვენიაში გამართულ ბლედის მე-19 სტრატეგიულ ფორუმში, სახელწოდებით ’’A World of Parallel Realities’’.
მინისტრის პირველი მოადგილე სიტყვით გამოვიდა ფორუმის ფარგლებში ორგანიზებულ პანელზე ’’Europe whole and free: renewed commitment to European Security’’. თავის გამოსვლაში ლაშა დარსალიამ ისაუბრა რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ევროკავშირისა და საქართველოს წინაშე მდგარ საერთო გამოწვევებზე.
მან ხაზი გაუსვა საქართველოს მთავარი საგარეო-პოლიტიკური მიზნებისადმი - ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი მტკიცე ერთგულებას და თანმიმდევრული და შეუქცევადი წინსვლის მისწრაფებას.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ სრულმასშტაბიან ომსა და მის შედეგად შეცვლილ უსაფრთხოების გარემოზე. ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველომ თავის თავზე გამოსცადა რუსეთის აგრესია და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების „ოკუპირებულ ტერიტორიებად“ მოხსენიების აუცილებლობას.
სიტყვით გამოსვლისას, ლაშა დარსალიამ ასევე ისაუბრა „სამშვიდობო სამეზობლო ინიციატივის“ მნიშვნელობაზე და რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს ცენტრალურ როლზე.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, მიმოიხილა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებები და შიდა პოლიტიკური გარემო.
ფორუმში მონაწილეობის პარალელურად, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ორმხრივი შეხვედრები გამართა სლოვენიის ევროპულ და საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, მარკო შტუცინთან და ბლედის სტრატეგიული ფორუმის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პიტერ გრკთან. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა სლოვენიის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისათვის.
სლოვენიის ევროპულ და საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და ორმხრივ დონეზე თანამშრომლობის განვითარების სამომავლო შესაძლებლობებს. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხები. ამასთან, სლოვენიის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და სლოვენიას შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას.
ბლედის სტრატეგიული ფორუმი 2006 წლიდან ყოველწლიურად იმართება და ევროპისა და მსოფლიოს პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს ეძღვნება.