ელჩების კონფერენციის ფარგლებში, ეკონომიკური განვითარების თემაზე პანელური დისკუსია გაიმართა. დისკუსიის მოდერატორი საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იყო და მასში მონაწილეობდნენ პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრი დავით სონღულაშვილი და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.
პანელური დისკუსიის მონაწილეებმა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებლის, მნიშვნელოვანი რეფორმებისა და თავიანთ უწყებებში მიმდინარე პროექტების დინამიკაზე ისაუბრეს.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა უწყებაში მიმდინარე რეფორმებზე და იმ მსხვილ პროექტებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებაზეც აქტიურად მუშაობს სამინისტროს გუნდი. მან ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური ზრდის ორნიშნა, მზარდ მაჩვენებელზე და ისაუბრა ტრანსპორტის და ლოგისტიკის, მეწარმეობის განვითარების, სავაჭრო პოლიტიკის, ინოვაციების და ტექნოლოგიების, ტურიზმის, ენერგეტიკის სფეროებში მიმდინარე პროექტებზე. ლევან დავითაშვილმა აქცენტი გააკეთა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომლის დასრულება 2030 წლისთვისაა დაგეგმილი და ის საქართველოს საშუალებას მისცემს, ევროპის ქვეყნებში ელექტროენერგიის პირდაპირი ექსპორტი განახორციელოს. საუბარი შეეხო ანაკლიის პორტს, რომელმაც ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით, მნიშვნელოვანი ფუნქცია უნდა შესძინოს საქართველოს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა სამინისტროს საქმიანობის გასული წლის შედეგებზე, რომელიც გამორჩეული იყო მიღწევებით. მან აღნიშნა, რომ საქართველო უმნიშვნელოვანესი სავაჭრო და სატრანზიტო საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელის განუყოფელი ნაწილია და მისი საგზაო ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტებით განვითარება მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო საგზაო დერეფნების განვითარების პროექტების განხორციელების შედეგად, დღეისათვის, ქვეყნის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 367 კმ მაგისტრალური გზით და ახალი მონაკვეთების განვითარება გრძელდება. ავტოტრანსპორტისთვის გახსნილია რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 48 კმ. ირაკლი ქარსელაძემ, ასევე დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის რეგიონებში დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, სამინისტროს მიერ მიღწეული პროგრესისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობამ, ბოლო 12 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის, შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები გადადგა; ხელისუფლების მიზანია, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, გაზარდოს ქვეყნის გავლენა გლობალურ ასპარეზსა და გლობალურ ბაზრებზე შეღწევადობაზე. მიზნის მისაღწევად აუცილებელია რეფორმების გაგრძელება, ქვეყნის რესურსებისა და პოტენციალის სრული გამოყენება, ამ მიმართულებით კი სამინისტროს გუნდი აქტიურ მუშაობას აგრძელებს.
როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, აგრარული დარგის განვითარებისთვის არაერთი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ხარისხიანი ქართული პროდუქციის წარმოება. 2025-2028 წლებში სახელმწიფოს მიერ დარგის მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. განსაზღვრულია 3 მილიარდ ლარამდე ფინანსური რესურსის გამოყოფა. მინისტრმა პანელური დისკუსიის მიმდინარეობისას გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყნის ბუნებრივი რესურსების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფაზეც გაამახვილა ყურადღება.
დავით სონღულაშვილმა ქართული ღვინისა და სხვა აგროსასურსათო პროდუქციის ცნობადობის ამაღლების მიზნით დაგეგმილ მარკეტინგულ აქტივობებსა და ბაზრების დივერსიფიკაციაზე მიმართულ პროგრამებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სამუშაოების გაწევის შემდეგ, სამინისტროს მოლოდინი აქვს, რომ 2028 წლისთვის ღვინის ექსპორტი 500 მლნ დოლარს მიაღწევს.
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სამინისტროს მიერ მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა გასული ოთხი წლის მანძილზე დაფიქსირებულ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე.
როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, გაგრძელდება მუშაობა სტაბილური მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიმართულებით, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს განახორციელოს ყველა რეფორმა და ინიციატივა, რაც ასახულია სამთავრობო პროგრამაში.