1 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ლონდონში გამართული საინვესტიციო ფორუმის (Georgia Investment Forum) მონაწილეებს ვირტუალურ ფორმატში მიმართა. ფორუმი გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს, საგარეო საქმეთა სამინსიტროს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო და ბიზნეს გარემოზე, როგორც მიმდინარე, ისე დაგეგმილი რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და, ევროპა-აზიის დაკავშირებადობის თვალსაზრისით, ე.წ. „შუა დერეფნის“ მნიშვნელობაზე.
ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ და ხაზი გაუსვა კონკრეტულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობას.
საქართველოს საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობდნენ ეკონომიკის, ბიზნესის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროებში მოქმედი ქართული, ბრიტანული და საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები, საქართველოს სამთავრობო უწყებებისა და მსხვილი საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფორუმი მიზნად ისახავდა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფნის როლისა და განახლებადი ენერგიის, აგრობიზნესის, უძრავი ქონების, ტურიზმისა და სხვა სექტორებში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენას.