23.11.2016 თბილისი -2016 წლის 22 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით დადებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე.
რუსეთის ფედერაციის მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯები მიმართულია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისაკენ, რაც სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და ძირს უთხრის დადგენილ საერთაშორისო წესრიგს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის ფედერაციის ამ უკანონო ქმედებას, რომელიც მიმართულია სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის წინააღმდეგ და წარმოადგენს აგრესიის გამოხატულებას საქართველოს წინააღმდეგ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ ვალდებულებებს და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს თავისი სამხედრო შენაერთები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უზრუნველყოს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას,სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ქმედებებს და ქმედითი ზომები მიიღოს რეგიონში უსაფრთხოების ვითარების შემდგომი დამძიმების თავიდან ასაცილებლად.
23 ნოემბერი, 2016 წელი
ამ თემასთან დაკავშირებით გაკეთებული სხვა კომენტარები:
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი
2 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე 2015 წლის ნოემბერში დადებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მორიგი უკანონო ეპიზოდი უწოდეს.
მსგავსი გაერთიანების შექმნას ითვალისწინებდა 2014 წლის ნოემბერში ხელმოწერილი ე.წ. „ხელშეკრულება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“. მთელი ეს პროცესი ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცოცავი ანექსიის პოლიტიკას, რაც სრულად ეწინააღმდეგება დადგენილ საერთაშორისო წესრიგს და ძირს უთხრის გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობა და სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა.
დოკუმენტის ხელმოწერითა და ერთი წლის თავზე მისი რატიფიკაცით, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების არარსებობისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებაზე უარის თქმის გათვალისწინებით.
აფხაზეთში ე.წ. „შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების“ შექმნა, ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციისა და რეგულარული სამხედრო წვრთნების ფონზე, კიდევ უფრო ამწვავებს ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ ისედაც რთულ ვითარებას და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის სტაბილურობას.
საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ძალისხმევას ყველა საერთაშორისო ფორმატში, პარტნიორებთან ორმხრივ ურთიერთობებსა თუ მრავალმხრივ დიპლომატიაშირუსეთის ფედერაციის პროვოკაციულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ სათანადო შეფასება მისცეს მოსკოვის უკანონო ქმედებებს და შესაბამისი ზომები მიიღოს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით.
2 ნოემბერი 2016 წელი
www.mfa.gov.ge/News/საგარეო-საქმეთა-სამინისტროს-პრესისა-და-ინფორმა-(8).aspx?CatID=5
საგარეოსაქმეთასამინისტროსგანცხადება
2015 წლის 26 ნოემბერს რუსეთის ფედერაციამ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან სამხედრო სფეროში მორიგი დოკუმენტი გააფორმა, კერძოდ, ხელი მოეწერა ე.წ. „შეთანხმებას“ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე.
აფხაზეთი არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი, ის არ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტს და შესაბამისად, ნებისმიერი სახის მცდელობა, დაიდოს მასთან „შეთანხება" წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და არის უკანონო აქტი, რომელიც არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგებს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაციული ნაბიჯის გამო, რომელიც, ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის სხვა ფორმებთან ერთად, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოსა და მთელი რეგიონის უსაფრთხოებას. ზემოხსენებული „შეთანხმება“ წარმოადგენს 2014 წლის 24 ნოემბერს ხელმოწერილი „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების" შემადგენელ ნაწილს, რაც ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო ვალდებულებების და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრული უგულებელყოფით, განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცოცავი ანექსიის პოლიტიკას და ამგვარად საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.
საქართველოს მთავრობის მოწოდებების მიუხედავად, დოკუმენტის გაფორმებით რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები. აღნიშნული განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების არარსებობისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებაზე უარის თქმის გათვალისწინებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებას და მიიღოს შესაბამისი ზომები რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული არასტაბილური მდგომარეობის შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით.
30 ნოემბერი, 2015 წელი
www.mfa.gov.ge/News/საგარეო-საქმეთა-სამინისტროს-განცხადება-(8).aspx?CatID=5