2025 წლის 7 აპრილს, შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) წარმომადგენელთან კავკასიაში, ანიეს ქოთუსთან.
შეხვედრაზე მიმოიხილეს ICRC-ის მიერ საქართველოში, განსაკუთრებით კი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში - გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოები, რომლებიც მოიცავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახელობის მხარდაჭერას, ზემოაღნიშნულ რეგიონებში მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შემსუბუქებასა და 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესს.
საუბრისას განსაკუთრებით აღინიშნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, როგორც ნეიტრალური მედიატორისა და ჰუმანიტარული მონაწილის მნიშვნელოვანი როლი უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების საკითხში, მათ შორის, მისი ჩართულობა საკოორდინაციო მექანიზმებში.
მხარეებმა განაცხადეს, რომ პროცესის სირთულის მიუხედავად, საკოორდინაციო მექანიზმების მუშაობამ კონკრეტული და ხელშესახები შედეგები მოიტანა.
მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ინსტიტუტთან, მათ შორის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას.