2024 წლის 20 სექტემბერს, წმინდა საყდრის (ვატიკანის) ახლადდანიშნულმა დესპანმა, არქიეპისკოპოსმა ანტე იოზიჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ვლადიმერ კონსტანტინიდს.
რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, ვლადიმერ კონსტანტინიდმა წმინდა საყდრის დესპანს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. აღსანიშნავია, რომ 2009 წლიდან, წმინდა საყდრის დესპანი საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის დუაიენია.
შეხვედრისას, კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო მეგობრული და ნაყოფიერი თანამშრომლობა. მადლიერება გამოითქვა ვატიკანის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, არქიეპისკოპოსმა გამოხატა მზაობა, წმინდა საყდრის დესპანის რანგში საქმიანობისას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა.