საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ილია დარჩიაშვილი, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარკო ჯურიჩს შეხვდა.
მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობა და მიმდინარე საკითხები. მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო - 30 წლისთავს, რომელიც მომავალ წელს აღინიშნება და ხაზი გაუსვეს, რომ ეს კარგი შესაძლებლობაა ქვეყნებისთვის ახალი იმპულსი შესძინონ ურთიერთობებს.
საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორის კავშირების განვითარებას. მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემა; აღნიშნეს, რომ ასევე მნიშვნელოვანია თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფების გათვალისწინებით. საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების გარემოს და არსებული გამოწვევების დასაძლევად, აღინიშნა მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა.