2024 წლის 27 მარტს ქ. თბილისში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების რიგით მე-9 რაუნდი საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ქართული მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო კორეული მხრიდან - კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ჩონგ ბიონგვონი.
კონსულტაციების დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხთა ფართო სპექტრი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის, ორმხრივი სამართლებრივი ბაზის განვითარებისა და საპარლამენტო კავშირების გამყარების მნიშვნელობას. ასევე, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქ. თბილისში კორეის რესპუბლიკის სრულფასოვანი საელჩოს გახსნის მნიშვნელობას, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველო-კორეის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.
კონსულტაციების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დიდ პოტენციალზე, მის განვითარებასა და განმტკიცებაზე; აღინიშნა მნიშვნელოვანი პროგრესი საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების მიმართულებით, რომელმაც ერთგვარი კატალიზატორის როლი უნდა შეასრულოს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებაში; ხაზი გაესვა თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას საინვესტიციო, ტექნოლოგიური, კულტურული, ტურიზმის, განათლების, სოფლის მეურნეობის, სპორტისა და გარემოს დაცვის მიმართულებებით.
ასევე, საუბარი შეეხო მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ამასთან, მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია რეგიონალური მასშტაბით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. შეხვედრის დასასრულს კორეის რესპუბლიკის დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში.