2023 წლის 4 ოქტომბერს სლოვაკეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, მატუშ ბუშოვკსიმ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, თეიმურაზ ჯანჯალიას, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა, რის შემდგომაც გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.
მინისტრის მოადგილემ სლოვაკ დიპლომატს მიულოცა ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა საქართველოში მომავალ საქმიანობაში.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-სლოვაკეთის ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებს და აღინიშნა უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ მაღალი დონის ვიზიტები. ასევე დაფიქსირდა ორმხრივი დიალოგის შემდგომი გაღრმავებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკურ კონსულტაციათა მექანიზმის გააქტიურების პრიორიტეტულობა.
მინისტრის მოადგილემ და ელჩმა ისაუბრეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე და აღნიშნეს არსებული პოტენციალი სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში. ასევე დაფიქსირდა, რომ საქართველოსათვის ღირებულია სლოვაკეთის მხარდამჭერი პროექტები, რომლებსაც Slovak Aid-ი ახორციელებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, საქართველოს მიერ ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და შემდგომ ნაბიჯებს. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ძალისხმევა შესაბამისად იქნება შეფასებული და წლის ბოლოს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს.
მატუშ ბუშოვკსიმ გამოხატა მზადყოფნა აქტიურად შეუწყოს ხელი საქართველო- სლოვაკეთის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას ყველა მიმართულებით. მან დაადასტურა სლოვაკეთის ურყევი პოზიცია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თაობაზე; აგრეთვე აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა აქტიურად განაგრძობს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას.