2025 წლის 8 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ დუბაის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტ ჰასან ალჰასემისთან და მის თანმხლებ ბიზნესდელეგაციასთან.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აჰმედ ალნუამი.
საუბრისას მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკური თანამშრომლობის დადებითი დინამიკა; ხაზი გაუსვეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისა და ბიზნესკავშირების გაფართოების კუთხით; ასევე იმსჯელეს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ერთობლივი პროექტებისა და ინვესტიციების განხორციელების პერსპექტივაზე. ჰასან ალჰასემის განცხადებით, გაერთიანებული საამიროების კომპანიები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ საქართველოს სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ლოჯისტიკის, უძრავი ქონებისა და განახლებადი ენერგიის სექტორებში ინვესტიციების შესაძლებლობების მიმართ. მხარეები შეთანხმდნენ კვლავაც განაგრძონ მჭიდრო კომუნიკაცია განხილულ პროექტთა განხორციელების ხელშესაწყობად.