Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით ეკვადორის რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო

2025 წლის 23-25 მაისს, საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით ეკვადორის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის, დანიელ ნობოა ასინის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასწრების მიზნით.

23-24 მაისს, მინისტრის მოადგილე დაესწრო პრეზიდენტის ინაუგურაციის ფარგლებში გათვალისწინებულ ღონისძიებებს, მათ შორის, ეკვადორის საკანონმდებლო ასამბლეაში ფიცის დადების ცერემონიასა და ქ. კიტოს საკათედრო ტაძარში გამართულ რელიგიურ მსახურებას.

ოფიციალური ღონისძიებების ფარგლებში, ლაშა დარსალიამ საქართველოს სახელით, ახალი ვადით არჩევა მიულოცა დანიელ ნობოას და მას წარმატებები უსურვა ქვეყნის ხელმძღვანელობის საქმეში. აღნიშნა რა საქართველოსა და ეკვადორს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკვადორის პრეზიდენტს დაუდასტურა ქართული მხარის მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აგრეთვე ესაუბრა ეკვადორის საგარეო საქმეთა და ადამიანური მობილობის მინისტრს, გაბრიელა სომერფილდს, რომელიც მიესალმა საქართველოდან მაღალი დონის დელეგაციის მონაწილეობას პრეზიდენტ დანიელ ნობოას ინაუგურაციის ცერემონიაში.

25 მაისს, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, კარლოს ხატივასთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ეკვადორს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის პრიორიტეტულ საკითხებზე და განიხილეს ურთიერთობების განმტკიცების შესაძლებლობები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური, აკადემიური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების მიმართულებით. კმაყოფილებით აღინიშნა მრავალმხრივი ფორუმების ფარგლებში ურთიერთმხარდაჭერებისა და კოორდინაციის მაღალი დონე.

საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყო საქართველოს ელჩი ეკვადორში (რეზიდენციით ქ. ბუენოს-აირესი), გვარამ ხანდამიშვილი.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები