საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა ალბანეთის რესპუბლიკის საზღვრისა და მიგრაციის დეპარტამენტის დელეგაციას.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მიერ გამოცდილების გაზიარება უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმების საკანონმდებლო და პროცედურული ჩარჩოს ირგვლივ.
საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა გიორგი ტაბატაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი, ხოლო ალბანეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ლორეტა სპიროლარი, ალბანეთის რესპუბლიკის საზღვრისა და მიგრაციის დეპარტამენტის მიგრაციის დირექტორატის დირექტორი. შეხვედრა გაიმართა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ხელშეწყობით.
შეხვედრის ფარგლებში, ალბანელ კოლეგებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირის რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაციის როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული განზომილებების შესახებ. ასევე, სტუმრები გაეცნენ საქართველოს მიერ შექმნილ რეადმისიის განაცხადების მართვის ელექტრონულ სისტემას, რომელიც უკვე მრავალი წელია ფართოდ არის აღიარებული, როგორც უაღრესად ეფექტური ინსტრუმენტი.
ალბანეთის მხარემ ინტერესით მოისმინა საქართველოს წარმატებული გამოცდილების შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც ითანამშრომლებენ აღნიშნული მიმართულებით და ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებენ.