2024 წლის 25 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ბალაშ მოლნარს და მინისტრის კომისარს ბაგლარკა ბალესტერ-ბოლიას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბრის თემა იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და უნგრეთის როგორც ევროკავშირის საბჭოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის სამოქმედო პრიორიტეტები.
სტუმრების მხრიდან ხაზი გაესვა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს წევრობისადმი ევროკავშირში და მზაობას, დაეხმარონ საქართველოს გაწევრიანების პროცესში. უნგრული მხარის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოება თავმჯდომარეობის სამოქმედო პროგრამის ერთ-ერთი საკვანძო პრიორიტეტი იქნება.
უნგრულმა დელეგაციამ დადებითად შეაფასა საქართველოს თვალსაჩინო პროგრესი რეფორმების კუთხით, მათ შორის ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების განხორციელების თვალსაზრისით, რამაც ქვეყანა საუკეთესოდ მოამზადა ევროკავშირში გაწევრიანების ეტაპზე გადასასვლელად და განაპირობა ევროკავშირის შესაბამისი გადაწყვეტილებები. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს პოტენციალზე ევროკავშირთან შავ ზღვაზე დაკავშირებადობის გაზრდის თვალსაზრისით, რაზედაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ მუშაობას ურთიერთსასარგებლო სტრატეგიული პროექტების განხორციელების მიზნით.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ზოგადად რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარება და ყურადღება საქართველოს წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის აქცენტი ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე გამახვილდა.