2025 წლის 8 აპრილს, ჟენევაში, გაეროს ოფისში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის ღონისძიებებში, რომლებიც მიზნად ისახავდა ცენტრალური აზიის, კავკასიისა და ევროპის რეგიონებში რეგიონული თანამშრომლობისა და სატრანსპორტო-ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებას.
მინისტრის მოადგილე სიტყვით გამოვიდა ცენტრალური აზიის ეკონომიკებისთვის განკუთვნილ გაეროს სპეციალური პროგრამის (SPECA+) მინისტერიალის გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელიც გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) 71-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.
გიორგი ზურაბაშვილმა თავის გამოსვლაში დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა ხელი შეუწყოს რეგიონულ ინტეგრაციას, განსაკუთრებით, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების, ლოჯისტიკის ოპტიმიზაციისა და ციფრულ სისტემათა ჰარმონიზაციის მიმართულებებით. მან წარადგინა საქართველო, როგორც უსაფრთხო და სტაბილური პარტნიორი, რომელიც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს.
ასევე, მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში – Enhancing Trade and Transport Connectivity along the Middle Corridor, რომელიც ორგანიზებული იყო “შუა დერეფნის ჯგუფის” წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლობების მიერ. სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საქართველო წარმოადგენს ინვესტიციებისთვის ღია და მზარდ ეკონომიკას, რომელიც გამოირჩევა სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით, კონკურენტული საგადასახადო სისტემითა და თავისუფალი ვაჭრობის ფართო ქსელით, რაც უზრუნველყოფს 2.4 მილიარდიან ბაზარზე წვდომას.
გიორგი ზურაბაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ანაკლიის პორტის პროექტზე, რომელიც განსაზღვრულია, როგორც გარდამტეხი ინფრასტრუქტურული კვანძი ევროპასა და აზიას შორის. მან აღნიშნა, რომ ეს პროექტი განამტკიცებს საქართველოს, როგორც რეგიონული ლოჯისტიკის ჰაბის, პოზიციას და მნიშვნელოვნად გაზრდის დერეფნის გამტარობას.
მინისტრის მოადგილის ვიზიტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას რეგიონული პლატფორმების მიმართ და ქვეყნის მზადყოფნას აქტიურად შეუწყოს ხელი საერთაშორისო ინიციატივების განვითარებას.