Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ესპანეთის სამეფო

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე ჭკუასელი

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარსელონაში

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივლისს დამყარდა.

2004 წელს საქართველომ საელჩო  გახსნა ესპანეთის სამეფოში. მოგვიანებით, 2021 წელს ბარსელონაში საქართველოს საკონსულოს მიენიჭა გენერალური საკონსულოს სტატუსი.

ესპანეთის სამეფომ საქართველოს დიპლომატიური გადაფარვა 1997 წელს დაიწყო, მათ შორის 2014 წლიდან დაფარვას ახორციელებს თურქეთის რესპუბლიკაში ესპანეთის საელჩოდან. 2015 წლიდან კი თბილისში გაიხსნა ესპანეთის საელჩოს ოფისი, რომელსაც საქმეთა დროებითი რწმუნებული ხელმძღვანელობს.  

2022 წელს აღინიშნა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი.

2023 წლის მეორე ნახევარში ესპანეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.  

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები

საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობები მზარდი დინამიკით გამოირჩევა და მოიცავს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა, კრიმინალთან ბრძოლა, განათლება, კულტურა და სხვა.

ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგი მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობების შესაბამისად ვითარდება. პერიოდულად ხორციელდება აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები. მათ შორის, აღსანიშნავია 2022 წლის ნოემბერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი მადრიდში. იმავე წელს, შედგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტები ესპანეთში.

2021 წლის მაისში მადრიდში უმაღლესი დონის შეხვედრა გაიმართა საქართველოსა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრებს შორის, უმსხვილესი საერთაშორისო ტურისტული გამოფენის FITUR 2021-ის გახსნით ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობის პარალელურად, სადაც საქართველო სტუმარი ქვეყნის სახელით იყო მიწვეული.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. ასევე, მონაწილეობს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) და მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

თვალსაჩინოა საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა. განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ვიზიტი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის დონეზე, ასევე სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებისა და წევრების მონაწილეობით.

ორ ქვეყანას შორის ვითარდება ეკონომიკური ურთიერთობებიც. ბოლო წლებში შეინიშნება ორმხრივი ვაჭრობის დინამიკის სტაბილური ზრდა. ამასთან, აღსანიშნავია ესპანური კომპანიების დაინტერესება საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალით. განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურის, განახლებადი ენერგიებისა და ტურიზმის სექტორებში. ამ მხრივ, ხაზგასასმელია, რომ 2022 წლის მონაცემებით ესპანეთი საქართველოში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა იყო.

წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა სამართალდაცვის სფეროში და ამ მიმართულებით ორ ქვეყანას შორის პერიოდულად იცვლება სამუშაო ვიზიტები.  2015 წლიდან ესპანეთში მივლინებულია საქართველოს პოლიციის ატაშე, 2019 წლიდან კი საქართველოში აკრედიტირებულია ესპანეთის პოლიციის ატაშე (რეზიდენციით თბილისში), რომლის უფლებამოსილება მოიცავს როგორც პოლიციის, ასევე სამოქალაქო გვარდიისა და უსაფრთხოების თემებს.

ამას გარდა, საქართველოსა და ესპანეთს შორის წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში. ბოლო წლებში, საქართველომ მონაწილეობა მიიღო ესპანეთში გამართულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო ფესტივალსა თუ გამოფენაში, მათ შორის ქართული გასტრონომიისა და ღვინის წარმოჩენის მიზნით. აღსანიშნავია, 2024 წლის იანვარში, მადრიდის საერთაშორისო გასტრონომიული კონგრესი Madrid Fusion–2024, რომელშიც საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა სტუმრის სტატუსით.

2021 წლის სექტემბერში, კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ესპანეთში ჩატარდა ორი მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მონაწილეობით. ამას გარდა, აღნიშვნას იმსახურებს 2019 წელს ესპანეთის ოფიციალურ ბეჭდვით სააგენტოში ვეფხისტყაოსნისქართული გამოცემის გრაფიკული ვერსიისა და მალაგის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული ესპანურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია.

აღნიშნული და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი კულტურულ თუ საგანმანათლებო ინიციატივისა და პროექტის შედეგად, ვითარდება ხალხთა შორის ურთიერთობებიც. ამ მხრივ, საგულისხმოა ქართული თანამედროვე ფილმების მიმართ მზარდი ინტერესი და სელექცია ესპანეთის წამყვანი კინო-ფესტივალების პროგრამებში.

2023 წლის 6 მაისს, ევროპის დღეების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, თბილისში გაიმართა საზეიმო ღონისძიება „ესპანეთის დღე“.

სამართლებრივი ბაზა საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის მოიცავს ორმხრივ ხელშეკრულებებს უსაფრთხოების, საგადასახადო პოლიტიკის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.

დოკუმენტები

    დაკავშირებული სიახლეები

    ილია დარჩიაშვილი ესპანელ კოლეგას შეხვდა

    ილია დარჩიაშვილი ესპანელ კოლეგას შეხვდა

    ისლანდიაში, ევროპის საბჭოს მე-4 სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროკავშირისა და თანამშრომლობის მინისტრს, ხოსე მანუელ ალბარესს შეხვდა.