2024 წლის 5 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ კონსტანტინიდი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის ქ. ინეგოლში, რიგით 24-ე საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრო, რომელიც “ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის საზოგადოების” და ქართული ისტორიული დიასპორის ორგანიზებით იმართება.
ღონისძიებაზე მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას; ასევე, ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობასა და ამ კუთხით მსგავსი ღონისძიებების გამართვის აუცილებლობას.
ვიზიტის ფარგლებში, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ორმხრივი შეხვედრები გამართა ქ. ბურსას გუბერნატორთან, მაჰმუთ დემირთაშთან; ქ. ბურსას მერთან, მუსტაფა ბოზბეისთან და ქ. ინეგოლის გამგებელთან ერენ არსლანთან.
გარდა ამისა, მინისტრის მოადგილე შეხვდა ქ. ინეგოლის მერს, ალფერ თაბანს და ქ. ინეგოლის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს, იავუზ უღურდაღს.
შეხვედრებზე მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისა და ხალხთაშორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე და გამოთქვეს მზაობა გააგრძელონ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით.