2023 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანა ლიბერგთან.
მინისტრმა მიულოცა შვედ დიპლომატს საქართველოში ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და შვედეთს შორის არსებულ მჭიდრო, მეგობრულ კავშირებსა და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც ეფუძნება საერთო ევროპულ ღირებულებებსა და ინტერესებს. განხილულ იქნა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლისა და ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობა, როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე ნორდიული რეგიონის ფარგლებში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერებით აღნიშნა შვედეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა შვედეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხში.
ელჩმა ანა ლიბერგმა, თავის მხრივ, დაადასტურა შვედეთის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ისევე, როგორც ევროპული მისწრაფებებისადმი.