2023 წლის 30 ნოემბერს, საქართველოში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ახლადდანიშნულმა დირექტორმა, მარიამ ხანმა რწმუნებათა წერილი გადასცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ვლადიმერ კონსტანტინიდის.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოში UNFPA-ის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებულ საკითხებზე. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მარიამ ხანს მადლობა გადაუხადა ქართულ მხარესთან UNFPA-ის აქტიური თანმშრომლობისათვის, ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ უკანასკნელ წლებში გატარებული რეფორმების თაობაზე და წარმატებები უსურვა ახლადდანიშნულ დირექტორს მომავალ საქმიანობაში.
შეხვედრის დასასრულს, მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის მიერ საქართველოში UNFPA-ს საქმიანობის მხარდაჭერა. თავის მხრივ, მარიამ ხანმა გამოთქვა ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა.