2023 წლის 3 ნოემბერს, სლოვენიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. კიევი), მატეა პრევოლშეკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, თეიმურაზ ჯანჯალიას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა, რის შემდგომაც გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.
მინისტრის მოადგილემ სლოვენიელ დიპლომატს მიულოცა ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-სლოვენიის ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებს და დაფიქსირდა ორმხრივი დიალოგის შემდგომი გაღრმავებისა და გააქტიურების მნიშვნელობა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, საქართველოს მიერ ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და შემდგომ ნაბიჯებს. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ძალისხმევა შესაბამისად იქნება შეფასებული და წლის ბოლოს ქვეყანა მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
მატეა პრევოლშეკმა გამოხატა მზადყოფნა აქტიურად შეუწყოს ხელი საქართველო- სლოვენიის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას ყველა მიმართულებით. მან დაადასტურა სლოვენიის მტკიცე პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სლოვენია აქტიურად განაგრძობს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას.