უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კოლეგას, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა. მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, იმსჯელეს ვაჭრობის, ეკონომიკის, დაკავშირებადობისა და ორი ქვეყნის ინტერესებში შემავალ სხვა სფეროთა პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობაზე.
„კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას უნგრეთის მიერ საქართველოს მიმართ გამოვლენილი მხარდაჭერისთვის, ასევე თქვენი პოზიციებისთვის. განსაკუთრებით ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას როგორც ევროკავშირის ფარგლებში, ისე ორმხრივ ურთიერთობებში. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მაღალ დონეზეა და ამით ძალიან ვამაყობთ. მომავალი წელი ასევე მნიშვნელოვანი და დატვირთული იქნება. გაიმართება ეკონომიკური საბჭოს სხდომა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და ახალი შესაძლებლობების გამოვლენას. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით შემდგომ მთავრობათაშორის შეხვედრას ბუდაპეშტში, ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა იმაზე სასაუბროდ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობის კონტექსტში. ეს ძალიან მკაფიო მაგალითია, როგორ უნდა თანამშრომლობდნენ ქვეყნები ერთმანეთთან და როგორ უნდა მუშაობდნენ ერთად იმისთვის, რომ გაძლიერდეს კავშირები” - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე.
სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის პოტენციალს და ამ მხრივ საქართველოს, უნგრეთის, აზერბაიჯანის და რუმინეთის ოთხმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე პროექტს, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია ფართო რეგიონის ენერგოუსაფრთხოებისთვის.
მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრეთს საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერისთვის როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ-ექსპერტულ დონეზე და აღნიშნა, რომ მხარეები განაგრძობენ ერთობლივ მუშაობას ამ მიმართულებით.
დასასრულს მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა პიტერ სიიარტოს გულთბილი მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ დეკემბრის შემდეგ ეს მისი მეორე ვიზიტია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ურთიერთობათა სიმტკიცეს ორ ქვეყანას შორის.
აღსანიშნავია, რომ მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთში კოლეგის მიწვეევით იმყოფება, მან უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან ერთად მონაწილეობა მიიღო, უნგრეთის ელჩების კონფერენციაში, რა დროსაც პანელური დისკუსიის ფარგლებში უნგრელ დიპლომატებს ესაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე. მინისტრი ასევე სიტყვით გამოვიდა უნგრეთის დიპლომატიურ აკადემიაში.