საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, გაერო-ს მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ტიმორ-ლესტეს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბენედიტო დოშ სანტოშ ფრეიტასთან. მინისტრებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებზე როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ტიმორ-ლესტეს გაეროში საქართველოს შესახებ რეზოლუციის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის, რაც მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების და საერთაშორისო მექანიზმების კონსოლიდაციისთვის.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსთვის სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა და ქვეყნის წარმატებული ურთიერთობები ASIAN-ის ორგანიზაციასთან, რომლის წევრიც ტიმორ-ლესტე უახლოეს მომავალში გახდება.
აღინიშნა საქართველოსა და ტიმორ-ლესტეს საგარეო სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმი, რაც კარგი შესაძლებლობაა უწყებებს შორის საქმიანი კავშირების შემდგომი განმტკიცებისათვის.